ირაკლი ანთაძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის იანვარში თავად იმყოფებოდა ჩორჩანის ტყეში, თავად დააფიქსირა შსს-ს თანამშრომელთან ერთად ყვითელი მონიშვნები ადგილზე, როგორც ბორდერიზაციის წინაპირობა. ეს ნაწილი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მან გახარიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება, თუმცა შეტყობინების ნაწილი, სადაც თითქოს ამბობს, რომ სუს-ი არ იყო ინფორმირებული, [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე] ეს ცალკე შეფასების საგანია,- ეს განცხადება ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის შემდგომ გააკეთა, სადაც ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძე დაიკითხა.
ადვოკატის თქმით, ირაკლი ანთაძის ჩვენების შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგანაც სხდომა დახურული იყო.
“ბატონი ირაკლი ანთიძე მაშინ იკავებდა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას და შესაბამისად, მის მოვალეობებში შედიოდა ოკუპირებული ტერიტორიები. ის ასევე 2018 წლიდან დღემდე არის სუს-ის წარმომადგენელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. მის ჩვენებასთან დაკავშირებით დეტალურად ვერ ვისაუბრებ დახურული სხდომის ფაქტორიდან გამომდინარე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც ნაწილში ირაკლი ანთაძის ჩვენებები, რა თქმა უნდა, იყო ობიექტური, თუმცა რაღაც ნაწილში იყო არაობიექტური და ფაქტობრივად, შესაძლოა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მან სასამართლოს.
ნაწილობრივ ვერ გაექცა იმ რეალობას, რა რეალობაც ობიექტურია და ეს რეალობაა ის, რომ 2019 წლის იანვრიდან მოყოლებული მონიშვნები არსებობდა ჩორჩანის ტყეში. ჩორჩანის ტყეში მოხდა მონადირის შეჩერება, რაც საჯარო ჩვენებაში აქვთ მიცემული იმ ინფორმაციას გეუბნებით და რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული უსაფრთხოების გარემო იყო ჩორჩანასთან მიმართებით, კონკრეტულ შემთხვევაში დაზიანებული და მათ შორის ბორდერიზაციის აშკარა ნიშნები არსებობდა, რაც არის გამოხატული იმაში, რომ ჩორჩანის ტყეში გაკვალული იყო ბილიკები, ყვითელი მონიშვნები არსებობდა და ეს, როგორც ბორდერიზაციის წინა პირობები პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩორჩანასთან მიმართებით”, – გამაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები
