Fitch Ratings-მა Brent-ის მარკის ნავთობზე 2026 წლის პროგნოზი ბარელზე 87 დოლარზე შეინარჩუნა, რადგან წლის დასაწყისიდან ფასების დინამიკა სააგენტოს მოლოდინს შეესაბამება. ამის შესახებ Fitch-ის განახლებულ პროგნოზში წერია.
ამასთან, Fitch Ratings-მა 2027 წელს Brent-ის მარკის ნავთობზე საშუალო ფასი ადრე პროგნოზირებულ 65 დოლარიდან ბარელზე 70 დოლარამდე, ხოლო WTI-ის მარკის ბარელზე 60-იდან 65 დოლარამდე გაზარდა.
ივნისის შუა რიცხვებში, მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა და ბარელზე 70 დოლარს მიუახლოვდა. ივნისის ბოლოსთვის ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების მოცულობა ომამდელი დონის 75%-მდე აღდგა. თუმცა საომარი მოქმედებების განახლებამ და საუდის არაბეთის “აღმოსავლეთ-დასავლეთის” მილსადენის დახურვამ Brent-ის ფასების ზრდა გამოიწვია. ეს მილსადენი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ალტერნატიული მარშრუტია. შედეგად, სექტემბერში Brent-ის ფასი ბარელზე, საშუალოდ, 100 დოლარს შეადგენს.
თუმცა „აღმოსავლეთ-დასავლეთის” მილსადენით ნავთობის გადაქაჩვის განახლების შემდეგ Fitch ფასების შემცირებას მოელის. ჰორმუზის სრუტითა და ალტერნატიული მილსადენებით ნედლი ნავთობის მიწოდების მოცულობა ომამდელ დონეს უკვე მიუახლოვდა, რასაც სააგენტო პროგნოზირებდა.
„2026 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიწოდების სიჭარბეს კვლავ მოველით, რაც ფასებზე ზეწოლას მოახდენს. ამის მიუხედავად, გეოპოლიტიკური რისკის გათვალისწინებით, Brent-ზე 2027 წლის პროგნოზი ოდნავ გავზარდეთ. ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის მოგვარების ვადებთან დაკავშირებით გაურკვევლობასა და შემდგომი ესკალაციის რისკს ასახავს, რომელიც, სავარაუდოდ, შეზღუდული ხასიათის იქნება,” – წერს Fitch, რომელიც ირანის კონფლიქტის მოგვარებას 2027 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობს.
სააგენტოს ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2027 წელს ნავთობის გლობალური ბაზარი მიწოდების მნიშვნელოვან სიჭარბეს იმის მიუხედავად განიცდის, მიღწეული იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება. მისი ხელმოწერა ამ პროფიციტს მხოლოდ გაამწვავებს.
“Brent-ის ფასის მომავალი წლის პროგნოზი მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა, ბარელზე საშუალო ფასი 85 დოლარის ნიშნულამდე გამოიწვიოს. თუმცა თუ 2027 წლის პირველ კვარტალში მდგრადი სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული და გეოპოლიტიკური რისკი მკვეთრად შემცირდება, მიწოდების სწრაფმა აღდგენამ შესაძლოა, ნავთობის ფასი ბარელზე 55 დოლარამდე დაწიოს,“ – წერს Fitch.
სააგენტოს პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ნავთობის წარმოება წელს დღეში 1.5 მლნ ბარელით, ხოლო 2027 წელს კიდევ 1 მლნ ბარელით გაიზრდება.
ზრდის მთავარი დრაივერები აშშ, კანადა, ბრაზილია, არგენტინა და გაიანა გახდებიან. OPEC+ და არაბთა გაერთიანებული საემიროები წარმოებას, სავარაუდოდ, ადრე დადგენილ კვოტებზე მეტად გაზრდიან, რომ სამხედრო კონფლიქტით გამოწვეული დანაკარგი დააკომპენსირონ.
„2026 წლის მეორე კვარტალში დღიური მოთხოვნის, დაახლოებით, 5 მლნ ბარელით შემცირებამ ბაზრის რებალანსირებას ხელი შეუწყო, რასაც ველოდით. ამ შემცირების, თითქმის, ორი-მესამედი აზიაზე მოდიოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ დღეში 1.5 მლნ ბარელით კლება ჩინეთში დაფიქსირდა. 2026 წლის ბოლოს გლობალური მოთხოვნის თანდათანობით აღდგენას მოველით,” – წერია ანგარიშში.
რაც შეეხება ნავთობის გლობალურ მარაგს, ის წლის დასაწყისის პიკური 8.2 მლრდ ბარელიდან აგვისტოში 7.8 მლრდ ბარელამდე შემცირდა. Fitch მოელის, რომ მარაგი, დაახლოებით, 7.8 მლრდ ბარელის კომფორტულ დონეზე დარჩება, რაც, ძირითადად, 2021-2024 წლების საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება.
