რუბლის დეპოზიტების ახალი რეკორდი – ქართულ ბანკებში 3.8 მლრდ რუსული რუბლი ინახება
საქართველოს ბაზარზე მოქმედ კომერციულ ბანკებში დაახლოებით, 3.8 მლრდ რუსული რუბლი ინახება – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 123.250 მლნ ლარს შეადგენდა. (დღევანდელი კურსით თითქმის 3.8 მლრდ რუბლი). ეს კი ახალი რეკორდული მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ქართულ ბანკებში რუსული რუბლით განთავსებული დეპოზიტების ზრდა 2022 წლის ივლისიდან დაიწყო, მაშინ ერთ თვეში რუბლის ანაბრებმა 177%-ით მოიმატა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თუ 2022 წლის ივნისში ქართულ ბანკებში სულ განთავსებული იყო 17.908 მლნ ლარის მოცულობის რუბლის დეპოზიტი, უკვე ივლისში ეს თანხა 49.591 მლნ ლარამდე გაიზარდა.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, შემდეგ თვეებში რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შემცირების ტრენდს აჩვენებდა, თუმცა 2023 წლის ივლისიდან ისევ ზრდა დაიწყო. ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კი, ამ დრომდე, 2025 წლის მარტში მიაღწია, იმ პერიოდში ქართულ ბანკებში 121.021 მლნ ლარის რუბლის დეპოზიტები ინახებოდა.
მომდევნო თვეების განმავლობაში რუბლის დეპოზიტების მოცულობა ისევ შემცირდა, თუმცა 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 25%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი თითქმის 160%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის აგვისტოში ქართულ ბანკებში სულ განთავსებული იყო 47.7 მლნ ლარის მოცულობის რუბლის დეპოზიტები, 2026 წლის ივლისში – 98.605 მლნ ლარის მოცულობის და უკვე გასულ თვეს 123.250 მლნ ლარის მოცულობის.
მართალია, რუბლში განთავსებული დეპოზიტები მთლიანი ანაბრების 0.16%-ს შეადგენს, თუმცა როგორც მონაცემებიდან ჩანს, ის მზარდია.
