25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი, გადამუშავებული 60 ათასი ტონა ყურძნიდან 42,4 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის გადამუშავებული მთელი მოსავლიდან უხარისხო და მკვახე მხოლოდ 0,5%-ია, ხოლო მოსავალი 3500 მევენახემ დააბინავა.
„რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია – გასული დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავდა მიმდინარე სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის 12 ათას ტონამდე ყურძენი.
სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 22 ლოკაციაზე იბარებს მოსახლეობისგან ყურძენს.
მოსავლის დაბინავება სხვადასხვა აქტიურობით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ – 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე – 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის – 50 თეთრი.
რქაწითლის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი – 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე – 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები – 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
