სოციალურ ქსელებსა და „კრიმინალური ისტორიის“ მოყვარულთა წრეებში ვრცელდება უნიკალური საარქივო დოკუმენტი, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს 1976 წლის 28 თებერვლის განაჩენის ტიტულის ფოტოასლი. სწორედ ეს დოკუმენტი გახდა თავის დროზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაპირისპირების მიზეზი.
წარმოდგენილი განაჩენიდან ირკვევა, რომ 1976 წლის 28 თებერვალს, მაიაკოვსკის (დღევანდელი ბაღდათი) რაიონის კულტურის სახლში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე გასამართლდა 1956 წელს დაბადებული ვახტანგ ქორიძე („კრიმინალურ წრეებში“ ცნობილი როგორც „მახო“). მას ბრალი ედებოდა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა).
დოკუმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბრალდებულის პერსონალური მონაცემების გრაფა, სადაც შავით თეთრზე წერია: „ალკც წევრი“ (სრულიად საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირი – კომკავშირი).
ტულუნის ციხეში ყოფნისას, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ეროვნებით რუს ლიდერს, „იაპონჩიკს“ კონფლიქტი მოუვიდა ქართველ „კანონიერ ქურდ“ ვახტანგ ქორიძესთან. („მახო“).
„ქურდული ტრადიციების“ თანახმად, „კანონიერი ქურდი“ არასდროს არ უნდა ყოფილიყო კომკავშირის ან საბჭოთა სახელმწიფო ორგანიზაციების წევრი. მახოსთვის ქურდული სტატუსის ჩამოსართმევად, „იაპონჩიკის“ თხოვნით, მისმა უახლოესმა გარემოცვამ — „ვიქტორ კალინამ“ (ვიქტორ ნიკიფოროვმა) და „ვოლოდია ბალდამ“ (ვლადიმერ სოლომინსკიმ) საქართველოდან ტულუნში ჩაიტანეს აღნიშნული განაჩენის ოფიციალური ასლი.
დოკუმენტში არსებული ჩანაწერის („ალკც წევრი“) საფუძველზე, იაპონჩიკმა ტულუნის ციხეში გაავრცელა მიმართვა, რომლითაც განაცხადა, რომ მახო კომკავშირელი იყო და მას „ქურდის“ სტატუსი არასდროს ჰქონია.
