ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, კვირის ბოლოს შესაძლებელი იქნება, მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყოს.
“ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ. აქედან გამომდინარე, მაინც ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა.
უკევ ერთი კვირაა, რეგულირების სამსახურთან და ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად შსს ჩართულია როგორც საკარანტინო, ისე თვითიზოლაციის ზონების აღწერა-მონიტორინგში. ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ ეფექტური და საკმაოდ გამკაცრებული ღონისძიება. ჯარიმები ეს არის უკვე შემდგომი ეტაპი, რომელიც შსს-ს მხრიდან მონიტორინგს დაემატა. ვინაიდან გამოიკვეთა არა ერთი ფაქტი იმისა, რომ მოქალაქეებმა არ მიმართეს თვითიზოლაციას და ჩვენ მიერ გაწეულ რეკომენდაციებს არ დაემორჩილნენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ჯარიმები შემოგვეღო, რათა ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა მეტად გაგვეზარდა და ამისთვის სათანადო მნიშვნელობა მიგვეცა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ვირუსის გავრცელების საშიშროებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაახლოებით ხვალ საღამოსთვის გახდება ცნობილი, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი.
ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა ასევე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ რეალობა არ უნდა გავალამაზოთ, რადგან ქვეყანაში შიდა გავრცელება იწყება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 34 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 319-ს მიაღწია. გარდაიცვალა 7 177 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 908 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.