მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
კერძოდ, მაღალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავი 1.50 ლარი ეღირება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი კი 1.30 ლარი. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარი იქნება, 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის კი 90 თეთრი.
ამასთან, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რომ იმ მევენახეების შემთხვევაში, ვინც ყურძენი უკვე ჩააბარა, ფასი დაკორექტირდება და მათ კომპენსაცია გადაეცემათ.
„შეგვაქვს გარკვეული კორექტირებები მთავრობის განკარგულებაში, რომელიც განსაზღვრავს ყურძნის ჩაბარების სქემას. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს. 16%-ს ქვემოთ არც უკვე ღვინისთვის ვარგა, არც სასპირტედაც, იმიტომ რომ ძალიან მცირეა გამოსავლიანობა, ამიტომ რაღაც მინიმალური ნიშნული უნდა დავტოვოთ. იქიდან გამომდინარე, რომ გამოითქვა პრეტენზიები მინიმალურ ხარჯებთან დაკავშირებით, ეს გადასახდელი ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე აიწევს. ანუ 16%-ს ქვემოთ ნებისმიერი ყურძენი, რა თქმა უნდა, იქნება 50 თეთრი.
ასევე, გვიანი რთველის გამო, თითო ხაზით ჩამოიწევს სიმწიფის უმაღლესი ხარისხის მაჩვენებელი. საფერავში იქნება 21-დან 20, ხოლო სხვა დანარჩენ საღვინე ნიშნებში 20-ის მაგივრად 19. ამ შემთხვევაშიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 თეთრით მოიმატებს ფასები. 16-დან 19-მდე, საფერავის გარდა, სხვა ჯიშები ჩაბარდება 90 თეთრად, ხოლო საფერავი, რომლის ხარისხი 16-დან 20-მდე გაიზარდა, 1 ლარად. რაც შეეხება უმაღლესი ხარისხის ყურძნებს, ფასი რჩება იგივე – 1.30ლ, 19-ს ზემოთ ყველა საღვინე ჯიში, გარდა საფერავისა. ხოლო საფერავის შემთხვევაში 20-ს ზემოთ 1.5ლ შენარჩუნდება,“ – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
