საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი დავის დაწყების საკითხი კვლავ აქტიურდება. 11-მა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიმართა და მოუწოდა, საკუთარ მთავრობებთან დააყენონ საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაძლო გამოყენების საკითხი. ერთობლივ წერილს ხელს აწერენ, მათ შორის, Human Rights Watch, CPJ, FIDH, PEN International, International Press Institute და სხვა ორგანიზაციები.
33-ე მუხლი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სხვა წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებების სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საუბარია არა თავად PACE-ის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე, არამედ წევრი სახელმწიფოების მიერ ამ მექანიზმის შესაძლო გამოყენებაზე.
საერთაშორისო ორგანიზაციები მიმართვაში მიუთითებენ 2024 წლიდან მიღებულ კანონებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე. მათი შეფასებით, შესაძლო სახელმწიფოთაშორისი განაცხადის სამართლებრივი და მტკიცებულებითი საფუძვლები ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა სერიოზულად უნდა შეისწავლონ.
ქართველი იურისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, თუ რომელიმე სახელმწიფო ამ მექანიზმს გამოიყენებს და საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორის დავას დაიწყებს, ამას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რეპუტაციული შედეგები ექნება.
რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, იღებს რეპუტაციულ ზიანს, მაგრამ ამის მიზეზი, ცხადია, არის ის დეფაქტო მთავრობა, რომელიც არცევნების გაყალბების გზით არის მოსული ხელისუფლების სათავეში და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და პირველ რიგში, ამით ზიანდება, დარტყმის ობიექტი ხდება ივანიშვილი რუსული რეჟიმი. შესაბამისად, ეს მექანიზმები აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული, ეს არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, როდესაც ივანიშვილის რუსულ რეჟიმზე ხდება მსგავსი სახის ზეწოლა, – ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი.
PACE-მ წევრ სახელმწიფოებს 33-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმის განხილვისკენ ჯერ კიდევ წინა რეზოლუციაში მოუწოდა, ხოლო 2026 წლის ივნისში მიღებულ 2664-ე რეზოლუციაში ეს მოწოდება გაიმეორა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით გამოყენებული არ ყოფილა.
