გიორგი სულამანიძე წერს, რომ 21 სექტემბრიდან დატოვა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა. მისივე განცხადებით, ამ პოსტს 16 წლის განმავლობაში იკავებდა.
„მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება – დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი. […] ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავ მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა.
ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს“, – წერს სულამანიძე სოციალურ ქსელში.
