პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით იყო წარდგენილი.
პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის შესაბამისი კომიტეტებისთვის გადაცემაზე უნდა ემსჯელა, თუმცა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე განხილვის დაწყება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
საბიუჯეტო ოფისის განმარტებით, კანონპროექტს არ ახლავს ფინანსური დასაბუთება – წარდგენილი არ არის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯები და სხვა ფინანსური მონაცემები.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა ავტორებს ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნდებათ.
„ფინანსური გაანგარიშება არ არის წარმოდგენილ კანონპროექტზე, ამიტომ წინადადება დაუბრუნდებათ ინიციატორებს, რომ ეს ხარვეზი გამოასწორონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამრიგად, უფასო სასკოლო კვების ინიციატივა უარყოფილი არ არის – კანონპროექტი ინიციატორებს ფინანსური დასაბუთების დასამატებლად დაუბრუნდა და მისი საპარლამენტო განხილვა ამ ეტაპზე არ დაწყებულა.
