ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 5 წელია ახალ შენობას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც რემონტის გამო გადაჰყავთ – ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ მოსწავლეები სწავლას ხაშურის I საჯარო სკოლაში გააგრძელებენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებამდე კი დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ. ინფორმაცია მეოთხე სკოლის დირექტორმა, ნანა გაგნიძემ დაუდასტურა გამოცემას.
„დროებით ონლაინ სწავლებაზე გადავედით, მანამდე, სანამ მე-7 საჯარო სკოლიდან ავეჯს გადმოვიტანთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, ვინაიდან მე-7 სკოლა თავადაც სარემონტოა, პირველ საჯარო სკოლაში გადავიდეთ.
ამ ეტაპზე ავეჯის გადმოტანის პროცესი მიმდინარეობს. ის ავეჯი, რომელიც მე-7 სკოლაში გადავიტანეთ, უნდა შევინახოთ, რადგან პირველ სკოლას საკმარისი რაოდენობის მერხები აქვს. დღეს მერიამ ტრანსპორტი გამოგვიყო და უახლოეს დღეებში დავლაგდებით, რის შემდეგაც სწავლა ისევ სკოლაში გაგრძელდება. ძალიან თბილად და გაგებით დაგვხვდა პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორისი და არანაირი პრობლემა აღარ იქნება, გველოდებიან.
ამ ეტაპზე სკოლაში 300 მოსწავლე გვყავს“ – უთხრა მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა გაგნიძემ “ქართლის ამბებს“.
ხაშურის მე-4 საჯარო სკოლა 2021 წლიდან სასწავლო პროცესს მე-7 საჯარო სკოლის შენობაში აგრძელებდა.
