თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი დასრულდა. სხდომა დახურულ რეჟიში მიმდინარეობდა.
ყოფილ პრემიერის წინააღმდეგ ჩვენებმა მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მისცეს.
მათ სასამართლოს შენობა მანდატურების და დაცვის დახმარებით დატოვეს და მედიასთან არ უსაუბრიათ.
გახარიას ადვოკატის თქმით, სამივე მათგანმა პრაქტიკულად ამხილა ყველა ის უწყება და ინსტიტუცია, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
“ყველა იბანს დღეს ხელს და პასუხისმგებლობას თავიდან-ბოლომდე ჰკიდებენ გახარიას. ყველა მათგანი რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ, ყველა მათგანი, ვინც დღეს დაიკითხა, იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და თუ ისინი ხედავდნენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო ჩორჩანა და გამოწვევები არსებობდა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ ჰქონდათ ვალებულება, ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესაბამისად, მოეწვიათ შესაბამისი სხდომა, რაც არ გაუკეთებიათ,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქმის პროკურორის თქმით კი, სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშგო აღიმართა გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ყოფილი პრემიერ მინისტრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დაზრვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშგო აღიმართა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და ეს მათთან არ იყო შეთანხმებული. დაცვის მხარესაც არ უარყვია, რომ ეს იყო გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც საგუშგოს აღმართვის შესახებ შეიტყვეს, დღევანდელ სასამართლოზე დაკითხულმა მოწმეებმა, უკვე ფუნქციურად აღარ იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები, მალევე რამდენიმე დღეში,- თამარ იაკობიძე.
2019 წელს, ქართულ სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგოს აშენების გამო „ქართული ოცნება“ ყოფილ თანაგუნდელს, ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ გიორგი გახარიას ადანაშაულებს.
სხდომაზე გამოიკითხნენ ყოფილი პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელიც დისტანციურად ჩაერთო, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი.
20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
