შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი, ხოლო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“, „ჭარალისა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სექტორ„კატნატუს“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ, ქვეითად ცდილობდა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
