აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანთან ომში კრიტიკული ეტაპი ახლოვდება და მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – განაახლოს თუ არა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რათა კონფლიქტი დასრულდეს.
„წინ დიდი გადაწყვეტილება მელოდება. მინდა თუ არა, შევიდე იქ და გავანადგურო ისინი – ირანის რეჟიმი – თუ არ მინდა? ეს დიდი გადაწყვეტილებაა. ჩემგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა AXIOS-თან ინტერვიუში.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს მსგავსი მუქარა ადრეც გაუჟღერებია, მისი ახალი განცხადებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ის სპარსეთის ყურის ექვსი ქვეყნის – საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და ომანის – ლიდერებს შეხვდება.
შეხვედრამ შესაძლოა განსაზღვროს ომის შემდეგი ეტაპი, მათ შორის, გაგრძელდება თუ არა დიპლომატიური ძალისხმევა, თუ აშშ სამხედრო მოქმედებების გაძლიერების გზას აირჩევს. თუ ტრამპი ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების განახლებას გადაწყვეტს, მას ამისთვის რეგიონული მოკავშირეების მხარდაჭერა დასჭირდება.
როგორც AXIOS-ი წერს, ბოლო დღეებში პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ომი მალე დასრულდება. თუმცა, აშშ-ის ზოგიერთი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი არამდგრად ჩიხში შევიდა – მდგომარეობაში, რომელიც არც ომს ჰგავს და არც მშვიდობას. მათი შეფასებით, თუ შუალედურ არჩევნებამდე შეთანხმება ვერ შედგა, ტრამპმა შესაძლოა სამხედრო ოპერაციების ფართომასშტაბიანი განახლება გადაწყვიტოს.
AXIOS-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის გამოყენება სურს, რათა რეგიონული მოკავშირეებისგან უშუალოდ მოისმინოს, როგორ ხედავენ ისინი ომის შემდგომ განვითარებას.
„მინდა გავიგო, სად არიან ისინი და როგორ არიან. ჩვენ მათ ძალიან ვიცავდით“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, მიიღებს თუ არა ირანთან ომის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას შუალედურ არჩევნებამდე თუ მის შემდეგ.
