საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ რამდენიმე ბავშვი შეიყვანეს – როგორც მან “მეტრონომთან საუბრისას განაცხადა, ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ბავშვების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით სჭირდებათ მონიტორინგი და დეჰიდრატაცია, ამიტომ აგრძელებენ მკურნალობას კლინიკაში. 14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან. რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა“ – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია და ელოდებიან კვლევების პასუხებს.
მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ საჯარო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამის გამოკვლევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.
