რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში ჩასვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ გზით მათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე „სიმართლის“ თავად გარკვევა შეუძლიათ. განცხადება მან რუსეთში მყოფი პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერის, მამუკა ფიფიას კითხვის პასუხად გააკეთა.
„ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ საბოლოოდ დაემხო ეს სავიზო კედლები და საბოლოოდ აღდგა საავიაციო მიმოსვლა. ერთობლიობაში ეს ორი ფაქტორი შესაძლებელს ხდის ქართველი ახალგაზრდობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის, პასუხის მოძიებას კითხვაზე: როგორია და რა არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებრივი. იცით, როგორც ამბობენ, რომ სიმართლე შეუფასებელია. არ შევეკამათები ამას, ის მართლაც შეუფასებელია, მაგრამ აი, ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფრაგმენტი, სიმართლის ეს ნაწილი – ის ნამდვილად შეიძლება შეფასდეს. იცით რა ღირს ის? ის ღირს მხოლოდ საქართველოდან რუსეთში ბილეთის საფასური. ჩამოდით, თავად ნახეთ. ესაუბრეთ ჩვენს მოქალაქეებს. იარეთ ჩვენს თეატრებში, მუზეუმებში, სხვათა შორის, რესტორნებშიც. შეგიძლიათ შეადაროთ კიდეც, სად უფრო გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილისში, – განაცხადა ზახაროვამ.
