სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს ელოდება. ადვოკატ ლანა ცერცვაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და დაცვის მხარე პროცესის გაგრძელებას მხოლოდ სამართლებრივი გზით გეგმავს.
ინტერესების დამცველი ასევე ხაზს უსვამს, რომ მათი მხრიდან პოლიტიკური აქტივობები არ იგეგმება.
ყველა ჩვენთაგანი, მათ შორის, ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სამართლებრივ ასპექტებზე მიუთითებს, რამეთუ სისხლის სამართლის საქმე დაცლილია ყველანაირი სახის მტკიცებულებებისგან, რაც შეიძლება, სამართლებრივი განსჯის საგნად იქცეს. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები და უფრო მეტიც, ჩვენ ჩვენს მიერ წარმოადგენილი მტკიცებულებების განხილვის შედეგად და იმ ნორმატიული აქტების შედეგად, რაც ზოგადად მოგვეპოვება ქართულ კანონმდებლობაში, სრული გაბათილება იმ მტკიცებულებისა, თუ შეიძლება ამას მტკიცებულება ეწოდოს, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სასამართლოში.
თუ ხვალ-ზეგ დადგა ის მდგომარეობა, რომ თუნდაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ჩვენ გვაქვს მეორე ინსტანციაშიც ისევ სამართლებრივი რეჟიმის ფუნქციონალი, რომლის მიხედვით ალბათ გააგრძელებს დაცვის მხარე, უარეს შემთხვევაში, თავის მიდგომებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი სახით პოლიტიკური აქტივობები არ იგეგმება ჩვენი მხრიდან, მივყვებით ისევ და ისევ სამართლებრივ მდგომარეობას. ხვალინდელი დღე, იმედია, რომ იქნება ჩვენთვის სასიკეთო და გამამართლებელ განაჩენს მოვისმენთ სასამართლოს მხრიდან, სხვა შემთხვევაში, სამართალს აქვს თავისი განაწესები, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარეს შეუძლია, იმოქმედოს, – თქვა ლანა ცერცვაძემ პროცესის შემდეგ.
სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი 16 სექტემბერს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს – ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
- ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
- 2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
- პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.
