ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად ქალი პოლიტიკოსები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი ხოშტარიას პატიმრობიდან ერთი წლის გასვლის გამო გაერთიანდნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვეს. დეა მეტრეველის განცხადებით, ხოშტარიას დაკავება და სასამართლოს განაჩენი უკანონოა და პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ნიშნებს შეიცავს.
“ერთი წელი გავიდა, რაც ელენე ხოშტარია უკანონო პატიმრობაშია და ამ დღემ, როგორც ყოველთვის, კვლავინდებურად გაგვაერთიანა პოლიტიკოსი ქალები. სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ელენეს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ისევე, როგორეც ელენე ხოშტარიას დაკავება და სასამართლო განაჩენი იყო უკანონო და შეიცავდა პოლიტიკური დევნის და რეპრესიების ნიშნებს.
ზოგადად, ცნობილია და ეს მარტო საქართველოში არ ხდება, დიქტატორულ რეჟიმებში, ასეთ ქვეყნებში, ქალების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან ძალოვანი სტრუქტურები, რეჟიმები და იგივე პროცესებს, ქალებზე ძალადობას, პოლიტიკოს ქალებზე ძალადობას ჩვენ ვხედავთ რუსეთში, ბელარუსში და ძალიან მძიმეა, რომ საქართველოც ამ ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს.
კიდევ ერთხელ – სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ელენე ხოშტარიას, რეჟიმის ყველა ტყვეს და ქალ პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მადლობა საზოგადოებას, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდით უსამართლობის გასაპროტესტებლად” – განაცხადა დეა მეტრეველმა.
