ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს. ირაკლი ჩიხლაძის საქმეზე დღეს ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას აგრძელებს. სხდომები დახურულია, საქმე გასაიდუმლოებული. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გამოძიებას არაფერი აქვს და მტკიცებულებებსაც ამიტომ მალავს.
“ახალი რაიმე სახის მტკიცებულება არ არის საქმეში. მას უკვე ჰქონდა დრო, რომ ეს მტკიცებულებები წარედგინა. შემდეგში ფიზიკურადაც ვეღარ შეძლებს ახალი მასალის წარმოდგენას. ის მტკიცებულებები რჩება, რაც აქამდე იყო. დანარჩენი ისევ გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ეს არის წერილობითი მტკიცებულებები. ირაკლის პოზიციას რაც შეეხება, გაუგებარია მისი ყველაფერი, რაც ხდება მის თავს. იმიტომ, რომ მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მით უმეტეს, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არ ჩაუდენია”- აცხადებს გიორგი გელხაური.
ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს.
სუს-ი ამბობს, რომ ირაკლი ჩიხლაძე „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას”.
ჩიხლაძე არ აღიარებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებას. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ამის გამო საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან ჟურნალისტს.
