„როდესაც უკავშირდებიან არამსესხებელ პირს ანუ მსესხებლის ახლობლებს, მეზობლებს და ეუბნებიან, იცნობენ თუ არა კონკრეტულ პიროვნებას, ეს რეალურად, პერსონალური მონაცემების დარღვევაა“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ადვოკატმა გიორგი ქათამაძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, დადგენილი წესით, ალტერნატიულ საკონტაქტო პირთან დაკავშირებისას კრედიტორმა თავი უნდა შეიკავოს იმის გაჟღერებისგან, თუ საიდან რეკავს და მხოლოდ იმის კითხვით შემოიფარგლოს, იცნობს თუ არა კონკრეტულ პიროვნებას.
ადვოკატი განმარტავს, რომ კომუნიკაციის ეს წესები მკაცრადაა დადგენილი როგორც ბანკების, ისე იმ „კოლექტიური ჯგუფების“ შემთხვევაში, რომლებზეც ხშირად „გაფუჭებული“ და უიმედო სესხები იყიდება.
“ხშირია შემთხვევა, როდესაც რეალურად ბანკში აქვთ აღებული სესხი, მაგრამ ეს ორგანიზაციები უკავშირდებიან მსესხებლებს. ისინი ძირითადად მათგან თანხის დაბრუნებას ცდილობენ. ეს უპირველეს ყოვლისა ხდება იმის გამო, რომ როდესაც საბანკო-საფინანსო დაწესებულება ხვდება, საკრედიტო პროდუქტი უიმედოა – „გაფუჭებული პროდუქტია“, თავიდან იშორებს და ყიდის მოთხოვნას ამ კონკრეტულ მსესხებელზე.
შემდეგ ეს ორგანიზაციები ცდილობენ, მაქსიმუმ მთლიანობაში დაიბრუნონ კრედიტი, ან მინიმუმ დაიბრუნონ ის თანხა, რა თანხადაც ნაყიდი აქვთ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ხანდაზმულ სესხებზე მსესხებლებს ნასყიდობის ფასზე გაცილებით მეტს ახდევინებენ.
რაც შეეხება სამართლებრივ ფორმას, რა თქმა უნდა, ისინი რეგისტრირებულები არიან . ზოგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და ა.შ. მოდი ასე ვთქვათ, ესენი უფრო კოლექტორული ჯგუფებია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სუფთა საბანკო-საფინანსო და სამართლებრივი თვალსაზრისით, სესხებსაც გასცემს.
ეს ორგანიზაციები კი რეალურად სესხებს არ გასცემენ, ისინი, უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ გაფუჭებული სესხის ამომღებაზე მუშაობენ.
რაც შეეხება რეგულაციას, იყო დრო, როდესაც ეს ორგანიზაციები არანაირ რეგულაციას არ ექვემდებარებოდნენ და არაფერი სჭირდებოდათ ბაზარზე ოპერირებისთვის. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ გაიარეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნები და დაექვემდებარნენ რეგულაციას.
მათზე მოქმედებს ყველა ის საბანკო რეგულაცია, რომლებიც უკავშირდება თანხის ამოღებასა და დაბრუნებას. თუ რაიმე გადაცდომა იქნება ასეთი ორგანიზაციებისგან, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ეროვნულ ბანკს.
ასევე შევეხოთ საკითხს, როდესაც უკავშირდებიან არამსესხებელ პირს ანუ მსესხებლის ახლობლებს, მეზობლებს და ეუბნებიან, იცნობენ თუ არა კონკრეტულ პიროვნებას.
როდესაც გვიკავშირდება მსგავსი ორგანიზაცია, ეს რეალურად პერსონალური მონაცემების დარღვევაა, რადგან თვითონ ბანკსაც მსესხებელთან კომუნიკაციისთვის დადგენილი აქვს შემდეგი წესი: თუ მსესხებელი უთითებს მისი ახლობლის ან ოჯახის წევრის საკონტაქტოს, იმისთვის, რომ ალტერნატიული ტელეფონის ნომერიც იყოს მითითებული, ნებისმიერმა კრედიტორმა თავი უნდა შეიკავოს იმის იდენტიფიცირებისგან, თუ საიდან უკავშირდება და უბრალოდ უნდა დაისვას კითხვა, იცნობს თუ არა ამ პიროვნებას.
თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირად მინახავს და პირადადაც მქონია შეხება, როდესაც რეკავენ, წარადგენენ თავიანთ ორგანიზაციას და შემდეგ კითხულობენ, იცნობენ თუ არა კონკრეტულ პიროვნებას.
როდესაც თავიანთ თავს წარმოგვიდგენენ, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს არის ამომღები ორგანიზაცია, რადგან თანხებთან დაკავშირებით სხვა შემთხვევაში არ დაგვიკავშირდებოდნენ. ამ დროს ისინი აიდენტიფიცირებენ და სხვას ანდობენ მოვალის პერსონალურ ინფორმაციას, რომ ამ პიროვნებას გააჩნია სესხი.
ეს არის პერსონალური მონაცემების დარღვევა და მოქალაქეებს, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, შეუძლიათ მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აცხადებს გიორგი ქათამაძე.
