სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოში შედარებით თბილი ამინდის შენარჩუნებაა მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში ტემპერატურა ეტაპობრივად დაიკლებს და შემოდგომის ნიშნებიც უფრო შესამჩნევი გახდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სექტემბრის მეორე ნახევარი, პირველ პერიოდთან შედარებით, ნაკლები ნალექითა და შედარებით მაღალი ტემპერატურით უნდა გამოირჩეოდეს. თვის საერთო სურათით კი დაბლობებსა და ბარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +19, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც კლიმატურ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელია.
უახლოესი პროგნოზების მიხედვით, თბილისში სექტემბრის შუა რიცხვებში დღისით ტემპერატურა ჯერ კიდევ +27–31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 17-19 სექტემბერს კი შედარებით გრილი და ნალექიანი პერიოდი იკვეთება, რის შემდეგაც ამინდი კვლავ გაუმჯობესდება.
სექტემბრის ბოლო დღეებში ტემპერატურა უკვე უფრო მეტად დაემსგავსება შემოდგომისთვის დამახასიათებელ ამინდს. ამასთან, ხანმოკლე დათბობები კვლავ მოსალოდნელია და მკვეთრი სიცივე, ჯერჯერობით, არ იკვეთება.
განსაკუთრებით თბილი დღეები შესაძლებელია კვლავ დაფიქსირდეს აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის ქართლსა და კახეთში. სინოპტიკოსების თვიური პროგნოზით, ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ ამ რეგიონებში შესაძლოა +37, +38 გრადუსსაც მიაღწიოს.
დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე კი ტემპერატურა ცალკეულ დღეებში +28, +29 გრადუსამდე, კოლხეთის დაბლობზე კი უფრო მაღალ ნიშნულამდეც შეიძლება ავიდეს.
