ვინ დაიკავებს კულტურის მინისტრის თანამდებობას – ამ კითხვით “ტვ პირველმა” დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მიმართა. ისინი ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და საკითხზე განხილვები მიმდინარეობს.
გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ამ პოსტთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია.
შემოთავაზება არ მიმიღია, მე ვარ კომიტეტის თავმჯდომარე, ამ ეტაპზე კონსულტაციები არ გვქონია, თუ იქნება სურვილი, რა თქმა უნდა მე ჩემს აზრს გავაზიარებ, – ამბობს გიორგი გაბუნია.
გაბუნიას მსგავსად, ეკა ჭიჭინაძეც ამტკიცებს, რომ შეთავაზება არ ჰქონია.
არ ვიცი ჯერ, ახლა მიმდინარეობს განხილვები სხვადასხვა კანდიდატებზე. შეთავაზება არ მქონია, – ამბობს ეკა ჭიჭინაძე.
გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს კულტურის ახალი მინისტრი, ის იქნება ღირსეული და პროფესიონალი.
კონკრეტულ გვარებზე ნუ იმას ვიზამთ…ეკა ჭიჭინაძის თემა განვიხილოთ, მის პიროვნებას უადგილოდ წამოწევას, პოზიტიურ-ნეგატიურ ჭრილში განხილვას უკეთებს წინაპირობას და რამდენი გვარიც არ უნდა ჩამოთვალოთ, ყველა არის პოზიტიური, დადებითი პიროვნება საკუთარი ბეგრაუნდით, პროფესიონალიზმით, – ამბობს ვოლსკი.
გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ახალი მინისტრის შესახებ ინფორმაციას მალე გაასაჯაროებს.
