საპენსიო ფონდში საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმები ამნისტიას დაექვემდებარება. ჯარიმის ჩამოწერა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამსაქმებელი საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავს. საკანონმდებლო პაკეტი დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს შეეხება და ჯამში, 43 მილიონი ლარის ამნისტია მოხდება.
“დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში” დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელსაც მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავენ და დაამტკიცებენ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
“საკანონმდებლო პაკეტი დაგროვებითი პენსიის შესახებ ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე, ზოგადად, საკითხის აქტუალობა იდგა საზოგადოებაშიც.
საკითხი ეხება საპენსიო ფონდში შენატანებს – იმ შემთხვევებს, როდესაც დამსაქმებელს შენატანი გაკეთებული არ ჰქონდა. ამ დარღვევის გამო გათვალისწინებული იყო ჯარიმები და გადაუხდელი ჯარიმების გარკვეული რაოდენობა დაგროვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციიროთ ჯარიმების ამნისტიის პროექტი. შესაბამისად, ხუთი ძირითადი პუნქტიდან პირველი მთავარი საკითხი სწორედ იმ ჯარიმების ამნისტიას ეხება, რომლებიც ჯერ გადახდილი არ არის. ეს ცვლილება შეეხება, დაახლოებით, 13 500 დამსაქმებელს და ჯამში მოიცავს 43 მლნ ლარს. ჯარიმების ჩამოწერა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ საურავებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ.
გარდა ამისა, კანონში შედის პროცედურულ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიც. კერძოდ, მცირდება ჯარიმის ოდენობაც: პირველ და განმეორებით შემთხვევებში, აქამდე გათვალისწინებული 500 და 1000 ლარის ნაცვლად, ჯარიმა ყოველ ჯერზე 300 ლარი იქნება. ასევე, საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური, რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
