საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით, გეკა გელაძე მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს.
„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, მინდა, გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონი გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
