პოლიტოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვობის ნოსტალგიასა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე საუბრობს.
“…აი მიგიყვანეს ბაღში და ხვდები, რომ ის ვიღაც ბიჭი, აშკარად ყველა შენს სათამაშოს ეპოტინება, მერე ნაწნავებს გწიწკნის, მერე მასწავლებელი უწყრება, ის კი ჯიუტად მეორე დღეს ისევ იგივეს იმეორებს და შენ ეს მოგწონს მერე რა, რომ გაჩეჩილ ნაწნავს გაკაწრული მუხლებიც ემატება…
მერე სკოლაში ის შენგან იწერს საკონტროლოს, სამაგიეროდ ბუფეტში ზედახორის დროს ნანატრი, ყველაზე გემრიელი პურის კატლეტი და “კორჟიკი” მოაქვს, თითქოს საბედისწერო ნადირობის ნადავლი. მორჩა!
მთელმა სკოლამ იცის, რომ შენ ხარ მისი გამოქვაბულის დედოფალი.
მერე ის ჯარში უნდა წავიდეს, აბა სხვის საჯიჯგნად ხომ არ დაგტოვებს და გიტაცებს….იმედებით და სიყვარულით სავსე ახალ ცხოვრებაში.
მერე იზრდებიან შვილები, მერე ილეწება ოცნებები, მერე გიყვარს-გძულს, გიყვარს-გძულს და ასე უსასრულოდ…
მერე ის მიდის ახალი გამოქვაბულის საძებნად, მის ახალ რჩეულს ახლად გატყავებული მამონტის
ტყავით მოსავს, თუმცა შენ არ გტოვებს განცდა, რომ ეს შენი ტყავია…
შენი ფერმკრთალი, გამჭვირვალე საფარი…
მერე ადიხარ და ჩადიხარ….
ისინი მოდიან და მიდიან..
შენი კანი რუჯს იძენს, მეტიც რქოვანდება…
აღარც სიცივის ეშინია და აღარც მწველი მზის, უბრალოდ იმდენად ცოტა დარჩა, რომ სხვაზე გადასაკრავად აღარ გემეტება…
ხანდახან გინდა შემოიგლიჯო, იმას ესროლო და მიაყოლო
-აი, კანიც გავიძრე….
მაგრამ, არის ერთი მაგრამ…
შენთვის არ შეიძლება, შენ რკინა ხარ, ბეტონი, კაუსტიკური სოდა, ნუკლეინის მჟავა, მატერიალური და არამატერიალური ძეგლი…მოკლედ ემოცია შენი არაა- არშეიძლება!
მერე ის იწყებს დაღმა სვლას, შენ რაღაც მომენტში ხვდები მას იმ კიბეზე, რომელსაც არც დასაწყისი აქვს, არც ბოლო….
ხვდები მხოლოდ ერთხელ, სადღაც შუაში და სამუდამოდ ემშვიდობები….
მერე
კვლავ ისინი მოდიან და მიდიან, შენ კი ჯიუტად ნათხემის და ჰიპოფიზის დაბლაგვების მორიგ მწვერვალებს იპყრობ…
არის, მიღწეულია!
ახლა უკვე ცრემლი მხოლოდ
ხახვის დაჭრის დროს გადმოგდის…
არ დადიხარ მწუხრის საზიაროდ, რომ შენი ინდეფერენტული დამოკიდებულებით არ ატკინო მას, ვისაც ჯერ კიდევ ტკივა…
ტკივილი….რა მაგარი გრძნობაა, არადა რამდენი წელი შეალიე მასთან ბრძოლას და ახლა ბეჭებზე რომ დადე გენატრება…
ვერ იხსენებ წარსულს, იმიტომ რომ იმდენი ხანი შლიდი, რომ საბოლოოდ გაქრა, აღარ გაშინებს მომავალი, იმიტომ რომ შიშიც ტკივილს გაატანე და მათაც არხეინად გადაინაცვლეს სხვასთან…
…და მხოლოდ ხანდახან, გულის სიღრმეში, გენატრება გაჩეჩილი ნაწნავი, გაკაწრული მუხლები და ის, შენი გატეხილი სათამაშოთი ხელში….
P.S. სულ ევკალიპტების ბრალია…” – წერს მოროშკინა