ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება განცხადება, რომელიც გია ბარამიძემ გააკეთა.
„ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს. ეს მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი საკმაოდ მძიმე ბრალდებით არის დადანაშაულებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ოკუპაცია ხორციელდება. ბარამიძე ამბობს, რომ ის მხარე, რომელიც ებრძოდა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მართალია. ჯერ ერთი, ტყუილია, რომ ეს ხდებოდა და მეორეც, პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა.
უკვე გასცა პასუხი რუსეთის მხარემ, რომ ადამიანს დევნიან იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვაო. ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, რასაკვირველია, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება ის განცხადება, რომელიც გააკეთა,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ “1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ”.
პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
