“უზნეობა და აბსურდი” – ასე უწოდებს მის წინაღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას დაკავებული პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ ენმ-ს ლიოდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. საქმეს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იხილავს.
დაკავებულ პოლიტიკოსს ჯერ სიტყვით არ უსარგებლია, თუმცა თავისი პოზიცია დააფიქსირა წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.
როგორც “ტვ პირველის” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ბარამიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე “შეთითხნილია”.
“წარმოუდგენელია, ჩემი ბიოგრაფიის მქონე ადამიანს სახელმწიფომ ქვეყნის ღალატი დამაბრალოს” – უთხრა სასამართლოს პოლიტიკოსმა.
ბრალდებულმა სხდომაზე ასევე ისაუბრა ” ქართული ოცნების” მხრიდან სასამართლოზე ზეწოლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოსამართლე ბარბაქაძემ ბარამიძეს სიტყვა რამდენიმეჯერმე შეაწყვეტინა.
“როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ზის ციხეში და ამდენი უდანაშაულო ადამიანი ტროტუარზე დგომის გამო გამოკეტილია საკანში, არ მიკვირს ჩემი დაკავება. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი დაკავება სრული სამართლებრივი აბსურდი და ამორალური ქმედებაა ამ რეჟიმის მხრიდანაც კი” – განაცხადა ბარამიძემ.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.
