„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, გიორგი ბარამიძის დაკავებაში სამართლებრივი ელემენტი არ არსებობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი თანაგუნდელის მიმართ ” ქართულმა ოცნებამ” რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების კოპირება მოახდინა და სწორედ ამ მიზნით არის დაჭერილი დღეს გიორგი ბარამიძე.
“რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, პირველ რიგში ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში, გამომდინარე იქიდან, რომ იგივე საოკუპაციო რეჟიმები, კრემლი იყენებს ხოლმე ძალიან ხშირად კობახიძის, პაპუაშვილის და სხვების განცხადებებს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც გასაგებია რომ ეს მოტივაცია მათ არ აქვს, უბრალოდ მოახდინეს 1 წლის წინანდელი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების კოპირება და ამ მიზნით არის დაჭერილი ბატონი გიორგი ბარამიძე, ამიტომაც ყველას კარგად გვესმის, რომ არანაირი სამართლებრივი ელემენტი არ ფიგურირებს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძეს ბრალი საბოტაჟის მუხლით წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს.
პოლიტიკოსის დაკავების საბაბად საგამოძიებო ორგანო ივლისში იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებას ასახელებს.
ბარამიძე საკუთარ სახლში დღეს, 11 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დააკავეს.
