17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და მომხდარის დეტალებზეც წერს:
“საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
გუშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამთენიისას თბილისში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. შსს-ს ცნობითვე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოკლული არასრულწლოვანი 17 წლის დათო ნარიმანიძეა.
