“განახლებული „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისათვის ⤵
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული ბუკლეტი – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“. ცნობარში მოცემულია დეტალური ინფორმაცია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ.
პროგრამების ასარჩევად 14 სექტემბრიდან 18 სექტემბერის ჩათვლით აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
პროგრამების არჩევისას მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ:
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული საგნისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
პროგრამის სწავლის საფასური;
ქალაქი, სადაც ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა.
აბიტურიენტებმა სასურველი რაოდენობის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა აირჩიონ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით.” –
