დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ მისი ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილი გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა. მისი ინფორმაციით, ბიზნესმენი უარს აცხადებს ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე “დაზარალებულებთან”.
ცოტა ხნის წინ დავტოვე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი;
პირველ რიგში მსურს საზოგადოებას ვამცნო, რომ პატიმრობაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი თავს გრძნობს მხნედ, არის საბრძოლო განწყობაზე და მთხოვა საზოგადოებისთვის გადმომეცა გულწრფელი მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც მისი დაკავების მომენტიდან დღემდე გრძელდება; ბატონმა თამაზმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თავისუფალი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებთ მასთან დაკავშირებული პროცესის ობიექტურად გაშუქებისთვის;
თამაზ ელიზბარაშვილმა მთხოვა კონკრეტული გზავნილები გამეცნო ფართო საზოგადოებისთვის:
კატეგორიულად და პრინციპულად აცხადებს უარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით გათავისუფლებაზე (არ ითხოვს მოწყალებას);
უარს აცხადებს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ,,დაზარალებულებთან’’ და თვლის, რომ მათ აქამდე ჰქონდათ შანსი გამოესწორებინათ საკუთარი გაუმართლებელი საქციელი, თუმცა ეს არ გააკეთეს;
თვლის, რომ მას პროვოკაცია მოუწყო დასაქნცირებულმა ტელეკომპანია ,,იმედმა’’ და რუსულმა აგენტურამ საქართველოში;
აგრძელებს შიმშილობას, რათა ამ გზით ამხილოს რუსული გავლენა (აგენტურა) სახელმწიფო ინსტიტუციებში;
თვლის, რომ არ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის მინიმალური საფუძველიც კი,” – წერს უფლებადამცველი.
