ცხადად ჩანს, ვისაც ვაყენებ შეურაცხყოფას, იმავე ადამიანის ციტირებით – ეს არის მარგარიტა სიმონიანი და ისინი, ვინც სტუდიაში არიან – მე მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის გინებას და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებას, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტებას გამოეხმაურა, რომ თორნიკე რაზმაძეს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
მისივე თქმით, ცდილობენ რაღაცები მოიგონონ და მიაბეს კიდევ ერთი ადამიანის კომენტარი, „რომელიც, ცხადად ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს აგინებს“.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ჩემზე აღძრულ საქმეზე, მომაბეს კიდევ ერთი ადამიანის კომენტარი, რომელიც, ცხადად ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს აგინებს, თითქოს, უნდათ პროპაგანდისტულად გამოიყვანონ, რომ თორნიკე ამასთან კავშირშიაო.
ეს ტყუილია! ცხადად ჩანს, ვისაც ვაყენებ შეურაცხყოფას, იმავე ადამიანის ციტირებით – ეს არის მარგარიტა სიმონიანი და ისინი, ვინც სტუდიაში არიან. მე მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის გინებას და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებას. სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებად რომ ჩაეთვალათ, სხვა მუხლია, ჩემი საქმის დადგენილებაში იქნებოდა სხვა მუხლი. განხილვასაც არ ექვემდებარება, რომ მე ვინმე ირაკლი კობახიძის ან „ქართული ოცნების“ რომელიმე პირის გინებას მედავება.
პროპაგანდისტულად იმ ადამიანთან ერთად „დამდეს“, ვინც კობახიძეს აგინა. ბოდიში ამ ადამიანს, შესაძლოა, მასზე სულ არ შედგენილიყო ოქმი, ჩემი საქმიდან გამომდინარე რომ დასჭირდათ, იმიტომ ჩართეს ამ ამბავში.
რეალობა ეს არის, ვერაფერს შეცვლიან და მოიგონებენ, გარდა იმისა, რომ აღიარონ მე აღმიძრეს საქმე სიმონიანის და ვლადიმერ სალავიოვის გინების გამო. ეს არის სირცხვილი, დაინახეს საზოგადოების ერთგვაროვანი რეაქცია, აღშფოთდნენ ადამიანები, ადამიანები ერეკლე მეორეს აყენებენ შეურაცხყოფას და იმ ადამიანისთვის პასუხის გაცემისთვის როგორ აღძარით საქმეო, ცდილობენ რაღაცები მოიგონონ. მტკიცებულება ხელში მიჭირავს, მათ მიერ შედგენილი და გამოგზავნილი ოქმი“,- აღნიშნა რაზმაძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
