ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით, 2026 წლის 13 სექტემბრიდან 2030 წლის 12 სექტემბრამდე მიანიჭა.
მსოფლიოში ჰეპატიტების მიმართულებით ჯანმოს 10 კოლაბორაციული ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა უშუალოდ „ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის“ მიმართულებით სპეციალიზებული კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მხოლოდ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს მინიჭებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისა და ქართველი სპეციალისტების მაღალი პროფესიონალიზმის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ქვეყანამ არა მხოლოდ შექმნა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული მოდელი, არამედ საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნებსაც აქტიურად უზიარებს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ეროვნული ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ამ პროცესში ჩართული თითოეული პროფესიონალისთვის.
საქართველოში სასწავლო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია. გარდა ამისა, ცენტრის სპეციალისტები მონაწილეობდნენ ჯანმოს საერთაშორისო მისიებში, სადაც ჩართული იყვნენ გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის პროცესში.
საქართველო წარმატებით აგრძელებს სვლას ვირუსული ჰეპატიტების სრულ ელიმინაციამდე და გლობალურ დონეზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.
