ივანიშვილთან პოლიტიკაზე სასაუბროდ მისვლა, იგივეა კანონიერ ქურდს ხვდებოდე სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს.
“ერთნი ჰყვებიან, რომ დიქტატორს შეხვდნენ. ოლიგარქთან შეხვედრებს ვერანაირი საზოგადოებისთვის მისაღები განმარტებები ვერ მოჰყვება. ივანიშვილთან პოლიტიკაზე სასაუბროდ მისვლა, იგივეა კანონიერ ქურდს ხვდებოდე სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად. ივანიშვილს ვერ შეხვდები როგორც პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ის არ არის პოლიტიკოსი, არის ბანდიტი და ბანდიტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკა მოკლა.
ის არის ჯაბა იოსელიანი, რომელმაც მოახერხა და მიიტაცა ქვეყნის მართვის ყველა ბერკეტი. ივანიშვილს ვერ შეხვდები დემოკრატიული პროცესის ფარგლებში, იმიტომ რომ ის არის კლასიკური დიქტატორი, დესპოტი, რომლის მთავარი დამახასიათებელია დემოკრატიის აბსოლუტური მიუღებლობა და მართვა ტერორით და მოსყიდვით.
მეორენი ამბობენ, დიახ ავიღეთ გილაურისგან ფული და დიახ ვაპირებდით მის პრემიერ მინისტრად დანიშვნასო. ჯერ ერთი ფულის აღება ვინმესგან და შემდეგ ამ ადამიანის პრემიერად დანიშვნა ნიშნავს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის გაყიდვას და როდესაც ადამიანი ყიდულობს თანამდებობას, მისი ამოცანა ხდება დახარჯული ფულის ხალხის ხარჯზე ამოღება. ხოლო როცა პოლიტიკური ჯგუფი ამაში მონაწილეობს, ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ერთეულიდან გარდაიქმნება ბიზნეს პროექტად, პოლიტიკური კორუფციის სუბიექტად და არსებობს მანამ სანამ არის ფული.
ის რომ გილაური როდესღაც ჩემი პრემიერი იყო, ვერაფერს ამართლებს. ჯერ ერთი მაშინ საბანკო მაფია დღევანდელი სახით არ არსებობდა. ქვეყანას არ მართავდა დიქტატორი, რომელიც დგას სამ საყრდენზე – პოლიცია/სუსზე, რუსეთზე და საბანკო მაფიაზე, რომლის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები არიან ძმები გილაურები და ბოლოს მაშინ ის იყო ჩემი პრემიერი, რომელიც ჩემს განკარგულებებს ასრულებდა და შესაბამისად ემსახურებოდა ქვეყანას და არა მაფიას. ასევე წარმატებით შეგიძლიათ დააანონსოთ პუტინთან ჩახუტებული ბურჯანაძის და ნოღაიდელის დაბრუნება ან ოქრუაშვილის, რომელიც ომის წინ რუსების დავალებით რაზმს ქმნიდა რუსეთში საქართველოს ოკუპაციისთვის, ხელახლა თავდაცვის მინისტრად დანიშვნა.
ის ვინც, თავისი მორალიდან გამომდინარე, ჩემს რეაქციაში პოლიტიკურ მანერებს ხედავს, აიგნორებს ძირითად რამეს – პოლიტიკაში და სახელმწიფო მოღვაწეობაში მთავარი არის პრინციპები. როგორც კი ღალატობ ან იცვლი პრინციპებს ეგრევე კარგავ ნდობას და საკუთარ თავსაც. ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩვენი და ჩვენი მომხრეების მიდგომა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვიყიდებით, არ ვშინდებით, არ ვწყვეტთ ბრძოლას ურთულეს პირობებში, არ მივდივართ გარიგებებზე კულისებში, რომლის ახსნა მოგვიხდებოდა შემდეგ უსასრულოდ ზოგიერთისთვის.
ეს პრინციპებია ახსნა ჩვენი მიღწევების წარსულში და რეცეპტი გამარჯვებისთვის მომავალში. დაე სხვებმა ჩაგვთვალონ მოუქნელებად, ახირებულებად, „მომაკვდავ პარტიად“, სამაგიეროდ თვითონ ასეთი ცოცხალი და მოქნილები აღმოჩნდნენ, რომ ბოლოს გადატყდნენ და ჩამოიშალნენ.
ერთიანობა გადამწყვეტია, ოღონდ ნამდვილი ერთიანობა მხოლოდ პრინციპების გარშემოა შესაძლებელი. სულ უნდა გვახსოვდეს „არ შევეკვრები ბოროტს ზავითა“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
