ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს, პოლიტიკურ ზღაპრებს ვისმენთ, მცდელობაა, მოსახლეობას გონება აურიონ და ემოციებზე ითამაშონ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთმანეთს ემთხვევა.
„მცდელობაა, რომ პოლიტიკურ თამაშებს სამართლებრივი პროცესი შესწირონ. უნდა გაიმიჯნოს ეს პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ბრალდების გასაბათილებლად არგუმენტი ირაკლი ღარიბაშვილისგან ან მისი ადვოკატისგან არ გვინახავს და არ მოგვისმენია. პოლიტიკურ ზღაპრებს ვისმენთ. მცდელობაა, რომ პოლიტიკური ზღაპრებით მოსახლეობა გააბრუონ, გონება აურიონ და ემოციებზე ითამაშონ, ამით კი, გადაფარონ თუ ჩაფარცხონ სამართლებრივი პასუხისმგებლობა. არ მინდა, კონსპირაციის თეორიებში შევიდე, მაგრამ შემიძლია, ორი წერტილი ლოგიკურად დავაკავშირო – ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის ნარატივები ერთ ფლანგზეა. რატომ, ამის განსჯა მოსახლეობისთვის მიმინდვია. მცდელობაა, რომ სამართლებრივი პროცესი პოლიტიკურ აურზაურში გააზაონ და ამით სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას შეეცადონ“, – განაცხადა მახაშვილმა.
