ზღვის ფსკერის რუკამ ინტერნეტში ახალი თეორიის გავრცელებას შეუწყო ხელი – თითქოს ბერმუდის სამკუთხედთან, კუბისა და ჰაიტის მახლობლად, ოკეანის ფსკერზე უძველესი “ჩაძირული ქალაქის“ ნაშთები იმალება.
ვარაუდის ავტორი სკოტ ს. უორინგია, რომელიც საკუთარ თავს უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარს უწოდებს. მისი თქმით, ზღვის ფსკერის რუკაზე ჩანს მკრთალი, ერთმანეთის პარალელურად და გადაკვეთილად განლაგებული ხაზები, რომლებიც, მისი შეფასებით, ბუნებრივ წარმონაქმნებს ნაკლებად ჰგავს.
უორინგმა ეს ფორმები Seabed 2030-ის ონლაინ რუკაზე აღმოაჩინა. პროექტი საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის მიზანიც ათწლეულის ბოლომდე მსოფლიოს ოკეანეების ფსკერის დეტალური აღრიცხვაა.
მისი თქმით, სავარაუდო სტრუქტურების ერთი მონაკვეთი დაახლოებით 7-8 მილის სიგრძისაა, მეორე კი დაახლოებით 3 მილის. სწორედ მათი ზომა და გეომეტრიული ფორმა გახდა მიზეზი, რის გამოც უორინგმა ივარაუდა, რომ საქმე შესაძლოა ადამიანის მიერ შექმნილ ნაგებობებთან გვქონდეს.
“ეს ახალი რუკა არაჩვეულებრივია. ამ ერთ ადგილას უძველესი ჩაძირული ქალაქია“, – ამბობს ის ვიდეოში.
უორინგი თავდაპირველად იმასაც არ გამორიცხავდა, რომ ეს ფორმები შესაძლოა უცხოპლანეტელების მიერ შექმნილი ნაგებობების კვალი ყოფილიყო. მოგვიანებით კი უფრო მეტად იმ მოსაზრებას მიემხრო, რომ ისინი უძველესი ადამიანური ცივილიზაციის ნაშთებია.
მისი ვარაუდით, ტერიტორია შესაძლოა ლეგენდარული ატლანტიდის მსგავსი უძველესი დასახლების ნაწილი ყოფილიყო. უორინგის ერთ-ერთი ჰიპოთეზით, დასახლება კუნძულზე, მარჯნის რიფის ტერიტორიაზე შეიძლებოდა ყოფილიყო აშენებული, შემდეგ კი ძლიერ მიწისძვრას კუნძულის ჩაძირვა გამოეწვია.
თუმცა თავად უორინგიც აღიარებს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და ამ სცენარის დამადასტურებელი არც გეოლოგიური და არც არქეოლოგიური მტკიცებულება არ არსებობს.
