თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
დღეს იკითხება დაცვის მხარის მოწმე, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს მოწმეს სუს-ის ყოფილ უფროსთან ქრთამის სახით ფულადი თანხები მიჰქონდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
“ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს მას ფულადი თანხები, ქრთამს რასაც ეძახის ბრალდების მხარე, მიჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან. რამდენად ჰქონდა მსგავს ფაქტს ზოგადად ადგილი? მან თავის პროცესზე ძალიან ხაზგასმით განმარტა აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ არასოდეს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ანდრია ლილუაშვილი იმავე ეპიზოდზე უკვე მსჯავრდებულია და ბრალდების მხარემ მისი დანაშაული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა.
“ანდრია ლილუაშვილი, თქვენ იცით, რომ ერთ-ერთ ეპიზოდზე, რაც გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ბრალად წარდგენილი, შინაარსობრივად, იმ ეპიზოდზე უკვე არის მსჯავრდებულის სტატუსის მატარებელი. ბრალდების მხარემ ამ საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა, რომ ანდრია ლილუაშვილის მიერ ნამდვილად წარდგენილი ბრალი იყო ჩადენილი. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მის დაკითხვას, როდესაც მისი საქმე განიხილებოდა, ანდრია ლილუაშვილი არ აღიარებდა ბრალად წარდგენილ ქმედებას არც ერთ ნაწილში, შესაბამისად, ბრალდების მხარეს დღეს არ აქვს მოლოდინი, რომ ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ის ისაუბრებს იმის შესახებ, რომ მას გრიგოლ ლილუაშვილთან არანაირი საქმიანი შემხებლობა არ ჰქონია, არანაირი პარტნიორული, ის უბრალოდ, როგორც ნათესავი, პერიოდულად ხვდებოდა ხოლმე გრიგოლ ლილუაშვილს.
ანდრია ლილუაშვილი რომ ინტენსიურად მიდიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გრიგოლ ლილუაშვილთან, ეს თვითონ ანდრია ლილუაშვილის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, მათ შორის”, – აცხადებს პროკურორი.
სუს-ის ყოფილ უფროსს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
