თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული ორი არასრულწლოვნის, ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის საქმეზე ჩვენებას გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აძლევს.
როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, ერთ-ერთი ბრალდებული, დემეტრე კასრაძე ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარია. პროკურორის თქმით, ავალიანზე მომხდარი ძალადობის კადრები მას გაბაშვილმა ავალიანის გარდაცვალებამდე გადაუგზავნა.
„დღეს განიხილება ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის – ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის მიმართ საქმე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დასაკითხად წარმოდგენილი იქნებიან მოწმე ეკა კუპატაძე და ნია მიკუჩაძე. ეკა კუპატაძე კონკრეტულად დემეტრე კასრაძესთან დაკავშირებით მოგვაწვდის ინფორმაციას, აღნიშნული პირი მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარია, რომელსაც გაბაშვილმა გიგა ავალიანზე განხორციელებული ძალადობის ვიდეო გადაუგზავნა, ხოლო დემეტრე კასრაძე ამ ვიდეოს განიხილავდა და ავალიანს უცენზურო სიტყვებით აყენებდა შეურაცხყოფას, რაც მათსავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია.
დასტურდება, რომ დემეტრე კასრაძე უყურებდა ძალადობის ამსახველ ვიდეოს, განიხილავდა და უცენზურო კომენტარს აკეთებდა. ბრალდება ყველა მიმართულებით მუშაობდა და დემეტრე კასრაძის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობა შეიკრიბა, რომელმაც დაადასტურა, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, საქმე დიღმის ძალადობებს ეხება. თუმცა, გიგა ავალიანის მიმართ ძალადობაში ის უშუალო მონაწილეობას არ იღებდა. თუმცა, მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, მისი მხარდაჭერა და ემოციური განწყობა ალექსანდრე გაბაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულთან დაკავშირებით.
ეს ვიდეომასალა ბრალდებულს გიგა ავალიანის გარდაცვალებამდე აქვს ნანახი”,- განაცხადა სონიძემ.
ცნობისთვის, დემეტრე კასრაძესა და ირაკლი სულაბერიძეს დიდ დიღომში მომხდარი ძალადობრივი ქმედებების ფაქტზე აქვთ ბრალდება წარდგენილი. უფრო კონკრეტულად კი, მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
