ირაკლი ღარიბაშვილს “ოცნებაში” შეცდომაში შეყვანილი უწოდეს – მმართველი პარტიიდან ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს ამ ეტაპზე ირაკლი ჭეიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რასაც ექს-პრემიერი დღემდე აკეთებს, სპეკულაციაა.
მისივე მტკიცებით, “ქართული ოცნება” არავის დევნის:
ჩვენ პოლიტიკურად არავის ვდევნით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა. ალბათ, პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გააგრძელებს პოლიტიკაში მოღვაწეობას, მაგრამ ნებისმიერი ის განცხადება, რასაც დღემდე აკეთებს, არის სპეკულაცია. ჩვენ არავის ვდევნით, არავის ვაშანტაჟებთ. რასაც ის საუბრობს, მხოლოდ მისი წარმოდგენებია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის. ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სამართლიანად იხდის სასჯელს,” – განაცხადა ჭეიშვილმა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა.
ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პასუხობს და ამბობს, რომ მას “ზურგში დანა ჩაარტყეს”.
