ეს იყო კომპლექსური თავდასხმა, რომლის დაგეგმვაც რუსებმა სცადეს, რათა რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ ადამიანების სიცოცხლისთვის – ბალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებითა და რეაქტიული „შაჰედებით“, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საცხოვრებელ შენობებს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
პრეზიდენტის ინფორმაციით, კიევის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ოდესის რეგიონში – ჩვეულებრივი ბაზარი, ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. დილით სუმის რეგიონში, თავს დაესხნენ რკინიგზის სადგურზე კიევი-სუმის მატარებლის ლოკომოტივს. ასევე დაბომბეს ზაპოროჟიესა და დნეპრის ოლქებიც.
„ჩვენმა მეომრებმა, საერთო ჯამში, ღამით 175 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არა ყველა. ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ძალიან კარგი შედეგების მიუხედავად, ბალისტიკური რაკეტების მოგერიება კვლავ განსაკუთრებით რთულია და ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პარტნიორებს, ჩამჭრელ სისტემებთან დაკავშირებით ჩვენს საჭიროებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს საკითხი ამერიკელებთან და ევროპელებთან და კიდევ ბევრი შეხვედრა გაიმართება, მათ შორის დღეს, იმ ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება მოწოდებითა და ჩვენი ანტიბალისტიკური სისტემით – FREYJA-თი. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას პრიორიტეტად მიიჩნევენ. ეს პირდაპირ ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას“, – წერს ზელენსკი.
