ბატონი კაკაურიძე ან იტყუება, ან თავს იშტერებს – კეთილი სურვილები და ლოცვა – კურთხევა არ ცვლის ინფლაციის მაჩვენებელს, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებას, რომ მომდევნო წელს ინფლაციის კლებადი ტენდენცია იქნება.
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობას არ გეგმა, რაც ინფლაციის მაჩვენებელს პოზიციური შედეგისკენ მიმართავს.
„ბატონმა კაკაურიძემ, გამომდინარე იქიდან, რომ თავისი საქმის მცოდნეა, ძალიან კარგად იცის, რომ მისი შეგონება, კეთილი სურვილები და ლოცვა კურთხევა, არ ცვლის ინფლაციის მაჩვენებელს. წლის განმავლობაში მთავრობა არაფერს ისეთს არ გეგმავს, რაც ინფლაციის მაჩვენებელს პოზიტიურისკენ წაიყვანს. ბატონი კაკაურიძე ან იტყუება, ან თავს იშტერებს, როდესაც ამაზე ლაპარაკობს. ინფლაციის ცვლილებას ქვეყანაში სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მრავალათეულ მილიარდიანი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა. შესაბამისად, მდგრადი, გრძელვადიანი და სტაბილური შემოსავლის სამუშაო ადგილების შექმნა, საქართველოს გამტარუნარიანობის პოტენციალის სრულად ათვისება, რკინიგზის მოდერნიზება, ანაკლიის პორტის დასრულება. ეს არის ის, რაც გრძელვადიანად ინფლაციაზე იმოქმედებს.
არაფერს გეგმავს უახლესი ერთი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობა, ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერცერთ მიმართულებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნულოვან ნიშნულზეა, რკინიგზის დირექტორი ძარცვავდა რკინიგზას და ჯართად ყიდდა. ანაკლიის პროექტზე კი უკვე 10 წელია იტყუებიან, რომ ააშენებენ. არავითარი ნიშანწყალი არ ჩანს იმისა, რომ გრძელვადიანად ამ ქვეყანაში ეკონომიკა გაჯანსაღდება“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
