განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის მხრიდან ბრალდებულის უფლებების დარღვევა მოხდა.
ლანა ცერცვაძის განცხადებით, მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა საშუალება გამოეკითხათ ის პირები, რომლებიც თავის დროზე ბრალდების მხარემ გამოკითხა. ადვოკატის განმარტებით, საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებმაც, სავარაუდოდ, ლილუაშვილის სასარგებლო ჩვენება მისცეს.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ აღნიშნული პირების გამოკითხვის ოქმები სხვა სისხლის სამართლის საქმეში განზრახ მოახვედრა, რა მიზეზითაც დაცვის მხარეს თავის დროზე ის არ გადასცემია. ასევე, როგორც ცერცვაძე აცხადებს, წინასასამართლო სხდომაზე დასაკითხ პირთა სიაში მოსამართლემ აღნიშნული პირები დაამტკიცა, მაგრამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ამ ადამიანთა ჩვენებები უდავოდ გახადა მაშინ, როცა მათი გამოკითხვის ოქმები საქმეში საერთოდ არ დევს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე არსებითად დაირღვა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის უფლებები მოსამართლის მხრიდან, კერძოდ საქმის სასამართლოში წარმართვამდე, დაცვის მხარეს არ გადაეცა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც გრიგოლ ლილუაშვილის გამამართლებელი მტკიცებულებები იყო. კერძოდ, ვგულისხმობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც გრიგოლ ლილუაშვილის გამამართლებელ ინფორმაციას იძლეოდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ ეს პირები დასაკითხ პირთა სიაში უნდა დამტკიცებულიყო და ასევე, ბრალდების მხარეს მათი გამოკითხვის ოქმები გადმოეცა ჩემთვის, რაც მათ დამალეს. დაცვის მხარეს კარგად შეუძლია გარჩევა იმისა, სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არიან გამოკითხულები თუ არა აღნიშნული პირები. აღნიშნულ პირებთან მქონდა კომუნიკაცია, რომლებმაც განმარტეს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში იყვნენ გამოკითხულები მოწმეთა სტატუსით. პროკურორმა სხვა სისხლის სამართლის საქმეში მათი გამოკითხვის ოქმები ხელოვნურად მოახვედრა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენებები გამამართლებელი მტკიცებულებები იყო ბატონი გრიგოლ ლილუაშვილისთვის და ეს ინფორმაცია არ უნდოდა ბრალდების მხარეს, რომ დაცვის მხარის ხელში მოხვედრილიყო.
წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ აღნიშნული პირები მოწმეთა დასაკითხ პირთა სიაში დაამტკიცა, დღევანდელ სხდომაზე კი სწორედ აღნიშნული პირები გვყავდა წარმოდგენილი მოწმეებად, როგორც აღმოჩნდა, ბრალდების მხარე მიხვდა, რომ ყველა ის მოწმე, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ეტაპობრივად, გრიგოლ ლილუაშვილის გამამართლებელ ინფორმაციას იძლეოდა და ბრალდების მხარემ მიმართა ხრიკს და განაცხადა, რომ ამ პირთა გამოკითხვის ოქმების უდავოდ ხდიდა, მაგრამ რა გახადეს უვადო? საქმეში არ არსებობს მათი გამოკითხვის ოქმი.
სასამართლომ ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება დაარღვია დაიცვას საკუთარი თავი და სასამართლოში მტკიცებულებები წარმოადგინოს. სასამართლოს ფაქტობრივად დასაბუთება არ ჰქონია, ერთ-ერთში გაიმეორა ბრალდების მხარის პოზიცია. ამით გამოდის, რომ არც სასამართლოს ქონია მათი მოსმენის ინტერესი. სასამართლოს არ ჰქონდა გამამართლებელი მტკიცებულების მოსმენის სურვილი.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდარმა, ჩემთვის საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ შესაძლოა სასამართლო ობიექტური არ იყოს“, – განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
რაც შეეხება სუს-ის ყოფილი უფროსის მეუღლის გამოკითხვას, ადვოკატის განცხადებით, ლილუაშვილს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი აქვს, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებამდე შეიძინა და სწორედ ეს ინფორმაცია დაადასტურა გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლემ.
„ლილუაშვილს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი აქვს, რომელსაც ყადაღა ადევს. შესაძლოა პროკურატურას დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო მოთხოვნა ჰქონდეს ამ ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რისი რისკიც შესაძლოა არსებობდეს და დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე აღარაფერი აღარ გამიკვირდება. ამიტომ ჩვენ დავკითხეთ გრიგოლის მეუღლეც, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მაშინ იყო შეძენილი ლეგალური ფინანსებით, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც გრიგოლ ლილუაშვილი საჯარო სამსახურში არ იყო დასაქმებული“, – განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
