“დღეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი დედაქალაქისთვის, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თურქული კომპანია ერთობლივი საწარმო „ივაის“ შორის ხელი ეწერება ხელშეკრულებას თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ. მახსოვს, როდესაც ტრამვაის დაბრუნების შესახებ პირველად გავაკეთე განცხადება, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც, როდის გახდება ეს იდეა რეალობა? დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს, იდეიდან, დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის, თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება, მას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა, დრო და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. შესაბამისად, მე, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ჩვენს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.
ჩვენ გვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის არის სწრაფი, კომფორტული და საიმედო. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. პროექტი შედგება სამი ეტაპისგან – კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ჯამური ვადა გახლავთ 36 თვე, ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება“ – განაცხადა კახა კალაძემ.
