საკუთარ დაბადების დღეზე წამებით მოკლული 22 წლის თამაზ მთივლიშვილის საქმის განხილვა ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ამავე საქმეზე მსჯავრდებულ საბა რობაქიძის მოუსმენს. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიების ვერსიით, ის სასტიკი ფაქტის შემსწრე იყო, თუმცა არაფერი მოიმოქმედა.
პროცესებს საქმის მთავარი ბრალდებული არ ესწრება, რადგან პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება მთავარ მოწმეებზე ზემოქმედების გამო.
მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულის ადვოკატი ციხეში შევიდა და მთავარ მოწმეებზე ზემოქმედება სცადა.
დაიკითხება ერთ-ერთი მთავარი მოწმე მკვლელობის. ეს არის საბა რობაქიძე. ძალიან მნიშნელოვანია საბას დაკითხვა იმ თვალსაზრისით, რომ ის იყო პირადად მონაწილე იმ მძიმე არაადამიანური და სიცოცხლის მოსპობის, რომელსაც გამოძიება ედავება მთავარ ბრალდებულს. მკვლელის მიერ დააორგანიზებულმა ადვოკატმა შეძლო ციხეში შესვლა მთავარ მოწმეებთან და მათზე ზემოქმედების მოხდენა. გამოძიებაა დაწყებული მთავარ მოწმეებზე ზემოქმედების მუხლით. დედა ითხოვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მისი შვილის მკვლელისთვის, – ამბობს ოჯახის ადვოკატი.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. შემდეგ უკვე ჯერი დაცვის მხარეზე მიდგება, თუმცა პროკურორი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
პრაქტიკულად, ბრალდების მხარე დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას. ამ მტკიცებულებათა გამოკვლევით, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ გიორგი პაპაშვილმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თამაზ მთივლიშვილი. ყველა მოწმე, ვინც დაიკითხა, შემსწრეები, თითმხილველები, ცალსახად ადასტურებენ, რომ გიორგი პაპაშვილმა სასტიკად სცემა თამაზ მთივლიშვილი. ჩვენ, მტკიცებულებების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, მოსამართლეს კიდევ ერთხელ დასკვნით სიტყვაში შევუფასებთ ყველა მტკიცებულებას და გვაქვს მოლოდინი, რომ საქმეზე დადგება გამამტყუენებელი განაჩენი, – ამბობს საქმის პროკურორილევან ვეფხვაძე.
გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.
საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
