დიდ ბრიტანეთში, Currys-ის ელექტროტექნიკის მაღაზიებიდან ნივთების მოპარვისთვის, 27 წლის ქართველი მამაკაცი, ილია პაჭკორია, დააკავეს. სასამართლომ ის 8 ქურდობაში ცნო დამნაშავედ და 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პაჭკორია10 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში მდებარე Currys-ის ფილიალებიდან ელექტროტექნიკას იპარავდა. ჯამში მოპარული ნივთების ღირებულებამ 19 ათას ფუნტს გადააჭარბა.
ერთ-ერთი შემთხვევა უელსის ქალაქ ჰავერფორდვესტში მოხდა. 23 მაისს იქ მდებარე Currys-ის ფილიალიდან დაახლოებით 1 525 ფუნტის ღირებულების ნივთები მოიპარეს.
სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, პაჭკორიას რვა სხვადასხვა მაღაზიიდან ქურდობაში ედებოდა ბრალი. საქმე თავდაპირველად ლანელის მაგისტრატთა სასამართლოში განიხილებოდა, მოგვიანებით კი სასჯელის დასაკისრებლად სუონსის კრაუნ-კორტში გადავიდა.
რა მოიპარა ქართველმა?
სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ქურდობის შემთხვევები 14-დან 23 მაისამდე პერიოდში მოხდა.
მოპარული ნივთების ღირებულება სხვადასხვა ფილიალის ქალაქებიდან ასეთი იყო:
ტორქუეში – £1 812.81
პენზანსში – £1 169
ტრუში – £1 000-ზე მეტი
პლიმუთში – £179.96
ბარნსტეიპლში – £4 300
პლიმუთში – £807.91
კარმართენში – £7 664.78
ჰავერფორდვესტში – £1 525
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰავერფორდვესტის შემთხვევა უფრო ფართო სერიის ნაწილი იყო, რომელიც უელსისა და სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის რამდენიმე ქალაქს მოიცავდა.
“მოქმედებდა ორ თანამზრახველთან ერთად”
პროკურატურის ინფორმაციით, პაჭკორია მარტო არ მოქმედებდა. გამოძიების მასალების მიხედვით, ის კიდევ ორ პირთან ერთად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქალაქში და Currys-ის ფილიალებში ნივთებს იპარავდა.
საქმის განხილვისას ითქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მაღაზიაში გამოფენილ ტექნიკას მავთულის საჭრელებით ხსნიდნენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, სამიზნე ნივთებს შორის იყო ლეპტოპები, პლანშეტები, დინამიკები და კამერები.
20 თვით პატიმრობა და Currys-ის მაღაზიებში შესვლის 10-წლიანი აკრძალვა
სუონსის კრაუნ-კორტმა ილია პაჭკორია რვა ქურდობის ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის შემდეგ 20 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ჰიუ რიზმა, ასევე დააწესა დამატებითი შეზღუდვა – პაჭკორიას 10 წლის განმავლობაში ინგლისისა და უელსის მასშტაბით Currys-ის ყველა მაღაზიაში შესვლა აეკრძალა.
ბრიტანული მედიის ცნობით, პატიმრობის ნაწილი უკვე მოხდილად ჩაეთვლება იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც მან დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში გაატარა.
