ია კვანტალიანის მტკიცებით, იდენტიფიცირებული ჰყავს ის პოლიციელი, რომელმაც ჯერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება არ მისცა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა და მობილური დაუმტვრია – უფლებადამცველი ამბობს, რომ ის ბიჭიკო წოწორიაა.
“აი ეს ბატონი პირდაპირ წიხლებით შემდგა შუა საგამოძიებო მოქმედებების დროს და გამომაგდო გარეთ, რატომ არ აკავებთ?” – ისმის უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
თუ იურისტს დავეყრდნობით, არსებობს მოწმეც, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა ელიზბარაშვილის სახლის კართან წაქცეული ადვოკატი.
“ერთ-ერთი მოძალადე, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა, მომაწოდეს ინფორმაციას, რომ ის არის სამმართველოდან ბიჭიკო წოწორია და მე ყოველდღე ველოდები პროკურატურისგან, რომ დააკავებენ ამ პირებს”, – ამბობს ია კვანტალიანი.
თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის დაწყებული.
პირველ სექტემბერს, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ, იარაღს ეძებდნენ.
ჩხრეკას ესწრებოდა ადვოკატი ია კვანტალიანი. მისი თქმით, ბინა ძალით დაატოვებინეს და სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
