გამოკითხვიდან გამოსული თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებების კითხვები ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს ეხებოდა, თუმცა თავად გამოძიებისთვის რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მისი საჯარო განცხადებები ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებების შეფასებას არ ეხებოდა – ის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა.
უწყებებს აინტეერსებდათ, რაიმე ინფორმაცია მქონდა თუ არა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პირველივე კითხვიდან განვმარტე, რომ ჩემი პოლიტიუკური განცხადების შინაარსი არავითარ შემთხვევაში არ ემსახურებოდა რაიმე ეჭვის გაჩენას ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით, მე ეს არ შემიფასებია. მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, რომელშიც ეს კაცი იყო ნახსენები და პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მე შევაფასე მწვავედ, პოლიტიკურად ის საზიზღარი დაპირისპირება, რომელიც არის “ქართული ოცნების” შიდა კრიმინალურ კლანებს შორის, ღარიბაშილის კლანს ვგულისხმობ და კობახიძე-მდინარაზის კლანს შორის. მე ვაკეთებ აცენტს იმაზე, რომ შიგნით აქვთ ქაოსი, არიან შეშინებულები, ერთმანეთს თავებით ასკდებიან და არ იციან რა გააკეთონ.
იდეა არის, რომ ატეხონ ხმაური, მედია და ღრაიბაშვილი, “ძლიერი საქართველო”, “ნაციონალურ მოძრაობა” ირმა ინაშვილი ერთმანეთს დააკავშირონ, რომ აი, ამათმა არაფერი იციან და მარტო კობახიძეა ციდან მოვლენილი ანგელოზი, – ამბობს დათუნაშვილი.
საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.
