კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია თითქმის ერთი საათია, დიღმის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.
გამოკითხვაზე შესვლამდე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ როდესაც ქვეყნის ყოფილი პრემიერი, მოქმედ პრემიერ-მინისტრს ხელს ადებს და ამბობს, რომ “მისი ვარაუდით, ადამიანებს კლავს და ნიღბავს თვითმკვლელობით” – რა თქმა უნდა, ეს შეკითხვებს აღძრავს, თუმცა თავად არ იცის ვინაა ლაზარე ჯორბენაძე და ვერ იგებს, რატომ დაიბარეს გამოკითხვაზე.
ნიკა გვარამიას თქმით, შეკითხვები ირაკლი ღარიბაშვილს, მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს უნდა დაუსვან.
მისივე განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკითხვის მიზანი ირაკლი ღარიბაშვილის გაშავებაა – “წარმოაჩინონ, რომ მე ვუჭერ მხარს, არ ვუჭერ მხარს”.
როცა ქვეყნის წინა პრემიერ-მინისტრი მოქმედ პრემიერ-მინისტრზე ამბობს, რომ ის მისი ვარაუდით, ადამიანებს კლავს და ნიღბავს თვითმკვლელობით, ის და სუს-ის ყოფილი უფროსი, თუ რაც იყო, ეს რა თქმა უნდა, შეკითხვებს აღძრავს. ეს შეკითხვები უნდა დაესვას როგორც ღარიბაშვილს, ასევე მდინარაძეს და კობახიძეს.
საერთოდ არ ვიცი ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ ის არის გარდაცვლილი, მაგრამ ადამიანი პრაქტიკულად იძლევა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, განცხადებას აკეთებს – შეუძლებელია ამან არ დაგაინტერესოს, ნებისმიერი ადამიანი ხომ არ არის, რიგითი მოქალაქე, ეს კაცი იყო პრემიერ-მინისტრი. მე პირდაპირ ვამბობ, ეს კაცი რომ ამას ამბობს, კი ბატონო, გამოიძიონ, მე რაში მკითხავენ ვერ ვიგებ. ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს, ვისაც არ უნდა ეთქვა, მაინც დავსვამთ კითხვებს.
ჩამოთვლილი ადამიანებიდან, ვისაც კითხავენ, არ მგონია, ვინმეს შეეშინდეს, ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მეასე დაკითხვა მაინც არის. მიზანი ის არის, რომ გააშავონ ღარიბაშვილი, წარმოაჩინონ, რომ მე ვუჭერ მხარს, არ ვუჭერ მხარს, ფაქტების კონსტანტაციაა მხოლოდ, რაც თქვა ის შეკითხვებს აჩენს, ერთი და მეორე, პრობლემა აქვთ – შიში ოხერია, ცუდ ნერვულ პალასაზეა ივანიშვილი და კობახიძე მით უმეტეს.
ამას რომ ყოფილი პრემიერი ამბობს, “რუსთავი 2-ს” და “იმედს” ვუსვამ შეკითხვას, ეს ინტერესს არ იმსახურებს?” – ამბობს ნიკა გვარამია.
3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
