ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მერის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს და კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება
„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ფარგლებში 321 მეტრის სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. სამუშაოების შედეგად არსებული რიყის ქვაფენილი 3 ფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე მოეწყობა ბორდიურები, დამონტაჟდება ტროტუარები, ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შშმ იქნება პირებისთვის ადაპტირებული. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება მიწის ქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც მოძველებული და პრობლემურია, შესაბამისად მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტრო გადამცემი და ინტერნეტ კაბელები, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციის მოწესრიგების სამუშაოებში ჩაერთვება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება. ძალიან ლამაზი პროექტი იქნება. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც უნდა გაკეთდეს არის კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემებითა. ყველა მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მოწესრიგებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.
