სოციალურ ქსელში მსახიობ რუსკა მაყაშვილის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა – ვიდეო აჟიოტაჟი და არაერთი კომენტარები მოყვა. კადრებში შეშინებული მსახიობი ჩანს გაჩერებულ ზიპლაინზე. საზოგადოების ნაწილი ამ ვიდეოზე იცინის, ნაწილიც კი აღნიშნავს, რომ სასაცილო არაფერია. რუსკამ ვიდეო თავდაპირველად თვითონვე გამოაქვეყნა.
მსახიობი Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ “აბსოლუტურად ყველაფერი გამართული იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ქარი ამოვარდა, წონა არ ეყო და ამის გამო ზიპლაინი შუა გზაზე გაჩერდა”.
რუსკა მაყაშვილი:
“აბსოლუტურად ყველაფერი გამართული იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩემს შემთხვევაში ჩემი წონა არ ეყო, ქარმა უკან წამიღო და შუა გზაზე გავჩერდი. ბიჭები იმდენად ოპერატიულები და უძლიერესები არიან, მაშინვე იქ გაჩნდნენ.
მოკლედ, ჩემნაირი წონის ხალხი ასეთ ქარში არ უნდა დასხდნენ. სულ ეგ არის!
ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიმაღლის მეშინია და არავინ არ იცის საერთოდ იქ რატომ დავჯექი, არც მე ვიცი. თან შუა გზაზე რომ გამოვეკიდე, უკვე პანიკური შეტევა მეწყებოდა და თანამშრომელი, ფანტასტიკური ბიჭი ორ წამში შემოვიდა და ყველაფერი მოაგვარა.
ყველაფერი ძალიან კარგად არის და ვიდეო იმიტომ დავდე, ხალხი გაერთოს. კომენტარები არ წამიკითხავს, მაგრამ ვინც რას იფიქრებს, იმას დაწერს. ვიღაცას არ ეშინია სიმაღლის, ვიღაცას ეშინია და პანიკური შეტევა ეწყება 300 მეტრზე გამოკიდებულს.
